თბილისის ღირსშესანიშნაობები https://www.youtube.com/watch?v=u3b9idZ_lqk
ფულის მუზეუმი
თუკი ნუმიზმატიკის მოყვარული ბრძანდებით, ფულის მუზეუმი თქვენთვის საინტერესო სანახაობა იქნება. იგი ეროვნული ბანკის გვერდითაა განთავსებული. მუზეუმი 2001 წელს დაარსდა. მუზეუმის ექსპოზიციაში ქრონოლოგიური განრიგითაა წარმოდგენილი სამონეტო საქმისა და ფულადი მიმოქცევისა მრავალსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში. ასევე, საზღვარგარეთის ქვეყნების ფულადი ნიშნები: კოლხური თეთრი, მაკედონური სტატერი, ანტიკური მონეტები, არაბული დრაჰმები, ვენეციური დუკატები და სხვ. მუზეუმში შეძლებთ ძველი ქართული მონეტების ასლების, თანამედროვე ქართული საინვესტიციო, საიუბილეო და საკოლექციო მონეტების შეძენასაც.
საქართველოს ეროვნული ბანკი
თავისუფლების მოედნიდან ზემოთ მიდის ლეონიძის ქუჩა, რომლის დასაწყისშიც, მარჯვენა მხარეს არის განთავსებული საქართველოს ეროვნული ბანკი. შენობა 1913 წელს ააშენეს (არქიტექტორი – მ. ოგაჯანოვი). თავდაპირველად შენობა ორსართულიანი იყო. 1959-1960 წლებში მას მესამე სართულიც დაურთეს. მთავარი ფასადი, რომელიც ქუჩაზე გადის მოდერნის სტილისაა. ფასადის მხარე მორთულია რელიეფური ორნამენტებით და ფიგურული კომპოზიციებით
ბეთლემის ტაძარი
ნარიყალას ციხესიმაგრის ძირას, კლდის უბანში განთავსებულია ბეთლემის ტაძარი. იგი მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში, მე-5 საუკუნეში აშენდა. იგი არა ერთხელ დაექვემდებარა მრავალრიცხოვან ცვლილებებსა და რეკონსტრუქციებს, რომლებმაც არსებითად შეცვალეს მისი თავდაპირველი იერი. რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ბეთლემის ტაძარი სომხებმა იყიდეს და იქ სომხური ქალთა მონასტერი დაარსდა. 90-იან წლებში, იმის გამო რომ მონასტერი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა, ტაძარი ქართულ ეპარქიას დაუბრუნეს.
ქართლის დედა
ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევებში განთავსებულია 1935 წელს შექმნილი სასეირნო ბილიკი. სწორედ აქ დგას ”ქართლის დედის” მრავალმეტრიანი ქანდაკება. ეს არის ქართველი ხალხის ლეგენდარული სულის სიმბოლო. ნაციონალურ კაბაში შემოსილ ქალს ერთ ხელში სტუმრისათვის განკუთვნილი ღვინის ფიალა უჭირავს, მეორეში კი მტრისათვის გამიზნული ხმალი. ქანდაკება 1958 წელს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა შექმნა.
ნარიყალა
სოლოლაკის ქედის თავზე ნარიყალას ციხესიმაგრეს აღმოაჩენთ. იგი ძველი თბილისის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მოჩანს. ადგილი ციხე-სიმაგრის ასაშენებლად საუცხოოდაა შერჩეული. ჩანს, თბილისი სამხედრო ბაზად იყო ჩაფიქრებული. უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა შეამჩნიეს როგორც ადგილობრივმა მმართველებმა, ისე უცხოელმა დამპყრობლებმაც. ერთნიც და მეორენიც ნარიყალას საკუთარ რეზიდენციად და შტაბ-ბინად აქცევდნენ ხოლმე. ნარიყალა პირველი მსხვილი ნაგებობაა თბილისში. შორიდან ჩანს, რომ შენობა მთის მწვერვალს იკავებს და და ქვემოთ, უფრო მომცრო მწვერვალზე ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ კედლების მშენებლობის ტექნიკა ყველას ანცვიფრებს.
ბოტანიკური ბაღი
მეჩეთის უკან მრავალ კვდრატულ კილომეტრზე გადაჭიმულია თბილისის ბოტანიკური ბაღი. იგი წავკის-წყალის ხეობაში, თაბორისა და სოლოლაკის ქედებს შორის და მათ ფერდობებზეა განლაგებული. ბაღი 1625 წლიდან არსებულ სამეფო ბაღის ბაზაზეა შექმნილი. აქ მთელი წლის მანძილზე ყვავის ულამაზესი ყვავილები და მცენარეები. ბაღში აღმოაჩენთ ჩანჩქერს და ხიდს მდინარის გასწვრივ.
გოგირდის აბანოები
თბილისი ოდითგანვე ცნობილია თავისი გოგირდის აბანოებით. მათგან ყველაზე ძველი ერეკლე მე-2-ს აბანოა. აბანოს ქუჩაზე განთავსსებულ აბანოთაგან ყურადღებას იქცევს ორბელიანის აბანო. მას ასევე ”ჭრელ აბანოსაც” უწოდებენ. ყველა აბანო მიწის ქვეშაა განთავსებული, თაღებითა გადახურული და გუმბათს ზემოთ არსებული მინის ფარნის წყალობით, ბუნებრივად განათებული. ძველად ბანაობის დრო შეზღუდული არ იყო. თბილისის მაცხოვრებლებს აქ თავისუფალი დროის გატარება უყვარდათ. ისინი აქ წვულებებსაც კი მართავდნენ. ქალებისათვის განსაზღვრული დღეები იყო გამოყოფილი. დიდ რუს პოეტს ალექსანდრე პუშკინს უთქვამს, რომ მას არსად არ მიუღია ისეთი სიამოვნება, როგორც თბილისის გოგირდის აბანოში. ამ საოცარ წყაროზე საუბარი დიდ ხანს შეიძლება, თუმცა ჯობს საკუთარ თავზე გამოსცადოთ მისი სასწაულმოქმედი ძალა.
სიონის ტაძარი
ძველი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მემორიალია – წმინდა მარიამის მიძინების ტაძარი ან უბრალოდ სიონი. ქუჩასაც შესაბამისად სიონის ქუჩა ეწოდება, რომელზე მოხვედრაც ერეკლე მეორის ქუჩით შეგიძლიათ. ტაძრის მშენებლობა ვახტანგ გორგასალმა (446-499 წწ) დაიწყო. სიონი მუდამ თბილისის მძიმე ხვედრის თანამოზიარი იყო. მრავალი საუკუნის მანძილზე იგი არა ერთხელ დაანგრიეს და გაანადგურეს. 1226 წელს ხორეზმის შაჰის მემკვიდრე, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი ჯარით შემოიჭრა საქართველოში და თბილისი დაიკავა. შაჰმა ტაძრიდან გუმბათის აღება და მის ნაცვლად იქ მისი ტახტის დადგმა ბრძანა, რათა ქალაქის გადაწვისა და ქრისტიანთა წამებისათვის ედევნებინა თვალი. ვინც წმინდა ხატების შეურაცხყოფაზე უარს იტყოდა, ჯალათები თავს ჭრიდნენ და მათ სხეულებს იქვე, მტკარში ყრიდნენ. სწორედ ასე იქნა მოკლული ასი ათასი ქართველი მოწამე. სულ მალე საშინელ მიწისძვრას ჰქონდა ადგილი და შაჰის ტახტი ტაძრიდან ჩამოვარდა. აღსანიშნავია, რომ სიონის ტაძარში ინახება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველაზე დიდი სიწმინდე. ეს გახლავთ წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც ვაზის ორი ტოტისაგანაა დამზადებული და თვითონ ნინოს თმითაა შეკრული. 1752 წელს ჯვარი რუსეთში იქნა წაღებული, ხოლო 1801 წელს კი იგი კვლავ საქართველოში დააბრუნეს.